Wednesday, February 27, 2013

ლაკლაუ / მუფი - "ჰეგემონია და სოციალისტური სტრატეგია" (შესავალი)

მემარცხენე აზროვნება დღეს გზაგასაყართან დგას. წარსულის „უცილო ჭეშმარიტებები“ - ანალიზისა და პოლიტიკური კალკულაციის კლასიკური ფორმები, დაპირისპირებულ ძალთა ბუნება, თავად მემარცხენეობის ამოცანებათა რაობა - მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენეს ისტორიულმა მუტაციებმა, რომლებმაც მათ საფუძველი შეურყიეს. ზოგიერთი მუტაცია, ეჭვგარეშე, წარუმატებლობებსა და იმედგაცრუებებს უკავშირდება : ბუდაპეშტმა, პრაღამ და პოლონეთის სახელმწიფო გადატრიალებამ, ქაბულმა, ვიეტნამსა და კამბოჯაში კომუნისტების გამარჯვებამ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არამხოლოდ სოციალიზმის მნიშვნელობა, არამედ ის გზებიც, რომლებმაც მასთან უნდა მიგვიყვანონ. ამას შედეგად მოყვა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი  კრიტიკული გადააზრება  იმ თეორიული და პოლიტიკური ნიადაგისა, რომელზეც, ტრადიციულად, მემარცხენეობის ინტელექტუალური ჰორიზონტი იშლებოდა. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაშიც არ არის. მუტაციებს საფუძვლად პოზიტიურ ფენომენთა მთელი წყებაც დაედო : ახალი ფემინიზმის გამოჩენა, ეთნიკურ, ნაციონალურ და სექსუალურ უმცირესობათა საპროტესტო მოძრაობები, საზოგადოების მარგინალურ ფენათა ანტიინსტიტუციური ეკოლოგიური წინააღმდეგობა, ბირთვული განიარაღების კამპანია, სოციალური ბრძოლის ატიპური ფორმები კაპიტალიზმის პერიფერიულ ქვეყნებში  - ყოველივე ეს მრავალი მიმართულებით განავრცობს სოციალური კონფლიქტურობას და ქმნის პოტენციალს - მაგრამ მხოლოდ პოტენციალს - უფრო თავისუფალი, დემოკრატიული და ეგალიტარული საზოგადოების შექმნისთვის.

 ეს პროცესი, პირველ რიგში, წარმოადგენს სოციალურის "სიჭარბეს"  საზოგადობის რაციონალურ და ორგანიზებულ სტრუქტურებთან, ანუ საზოგადოებრივ „წესრიგთან“ მიმართებით. ბევრნი, განსაკუთრებით ლიბერალურ-კონსერვატიული ბანაკის წარმომადგენლები, ამტკიცებენ, რომ დასავლური საზოგადოებები მმართველობის კრიზისს განიცდიან და ეგალიტარიზმი მათ დაშლით ემუქრება. თუმცა, სოციალური კონფლიქტის ახალმა ფორმებმა გამოწვიეს კრიზისი იმ თეორიული და პოლიტიკური ჩარჩოებისაც, რომლებთან დიალოგსაც ამ წიგნის უმთავრესი ნაწილი დაეთმობა.  აქ იგულისხმება არა მხოლოდ მემარცხენეობის კლასიკური დისკურსები,  არამედ ის მეთოდიც, რომლითაც ის სოციალური ცვლილებების აგენტებს, პოლიტიკური სივრცის აგების პროცესსა და ისტორიული ტრანსორმაციისთვის აუცილებელ გარემოებებს აღწერდა.  კრიზისში ახლა თავად სოციალიზმის ის კონცეფციაა, რომელიც ემყარებოდა მუშათა კლასის ონტოლოგიურად ცენტრალურ როლს, რევოლუციას - მხოლოდ და მხოლოდ „რ“-ით - როგორც საწყისს ერთი საზოგადოებიდან მეორეზე ტრანზიციისა და ილუზიას, რომ შესაძლებელია იარსებოს ისეთმა უნიტარულმა და ჰომოგენურმა კოლექტივმა, რომელშიც პოლიტიკური მომენტი ყოველგვარ აზრს დაკარგავს.

 თანამედროვე სოციალური ბრძოლის პლურალურობამ და მრავალფეროვნებამ ბოლო საყრდენიც გამოაცალა ამ პოლიტიკურ წარმოსახვითს. მიიჩნევდა რა, რომ საზოგადოების წევრები „უნივერსალური“ სუბიექტები არიან და თავად საზოგადოებები ერთიანი, ერთადერთი „ისტორიის“ გარშემო  კონცეპტუალიზდნენ, ეს წარმოსახვითი   აღწერდა საზოგადოებას როგორც გააზრებად სტრუქტურას, რომელიც შეიძლება შეიცნო გარკვეული კლასობრივი მდგომარეობების გათვალისწინებით და, პოლიტიკური აქტის მეშვეობით, ხელახლა დააფუძნო რაციონალურ, გამჭვირვალე წესრიგად. დღესდღეობით, მემარცხენეობა ამ იაკობინური წარმოსახვითის საბოლოო რღვევის მომსწრეა.

ერნესტო ლაკლაუ /შანტალ მუფ
 ამგვარად, თანამედროვე სოციალური ბრძოლების სიმრავლემ და პლურალურობამ თეორიული კრიზისი წარმოშვა. სწორედ აქ, პოლიტიკურისა და თეორიულის ურთიერთკავშირის შუაწერტილში, დაიკავებს პოზიციას ჩვენი დისკურსი. ყოველმხრივ ვეცადეთ, კრიზისის მიერ წარმოქმნილი თეორიული სიცარიელე არ ამოგვევსო  იმპრესიონისტული და სოციოლოგისტური დესკრიპტივიზმით, რომელიც უგულვებელყოფს თავისი დისკურსულობის კონდიციებს.  მიზნად ზუსტად საპირისპირო დავისახეთ : ვფოკუსირდით გარკვეულ დისკურსულ კატეგორიებზე, რომლებშიც, ერთი შეხედვით, კრიზისის მრავალმა ასპექტმა მოიყარა თავი; და სწორედ აქ, გარდატეხათა სიმრავლის სხვადასხვა შრეებში ამოგვეცნო ისტორიის შესაძლო მნიშვნელობა.  ყოველგვარი დისკურსული ეკლექტიზმი და მერყეობა დასაწყისიდანვე გამოვრიცხეთ. რადგან, როგორც ის „მანიფესტი“ ამბობს, რომლიდანაც კლასიკური პერიოდი იწყება, ახალ სივრცეებში გზის გაკვალვისას იმ მოგზაურებს უნდა მივბაძოთ, ვინკარგად იციან, რომ თუ ტყეში დაიკარგებიან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოჰყვნენ აქეთ-იქით სიარულს, და, მითუმეტეს არც ერთ ადგილას გაჩერდნენ, არამედ აირჩიონ მიმართულება და, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევანი, შესაძლოა, მხოლოდ შემთხვევით იყოს განპირობებული, არასოდეს გადაუხვიონ თავდაპირველი გეზიდან. ამგვარად ისინი შეიძლება იქ ვერ მოხვდნენ, საითაც მიისწრაფვოდნენ, მაგრამ აუცილებლად მივლენ სადმე. სადმე, სადაც თავს უკეთ იგრძნობენ, ვიდრე შუაგულ ტყეში.
 ჩვენი ანალიზის გზამკვლევი ჰეგემონიის კონცეპტში - რომელსაც მივიჩნევთ მარქსისტული პოლიტიკური თეორეტიკის დისკურსულ ზედაფენად და  საკვანძო ცნებად -  მომხდარი ტრანსფორმაციები იყო. უმთავრესი დასკვნა კი - ის, რომ ჰეგემონიის კონცეპტის მიღმა იმალება ბევრად მეტი, ვიდრე პოლიტიკური ურთიერთობების  ტიპი, რომელიც მხოლოდ მარქსისტული თეორიის  ძირითადი კატეგორიების დამატება იყო. მეტიც, ის წინ წამოსწევს სოციალურის ლოგიკას, რომელიც  ამ კატეგორიებთან არათავსებადია. კლასიკური მარქსიზმისთვის, რომლის რაციონალიზმიც ისტორიასა და საზოგადოებას გააზრებად, კონცეპტუალიზებადი კანონების მიხედვით აგებულ ტოტალობებად მიიჩნევდა,   ჰეგემონიის ლოგიკა იყო გარეგანი,  დამატებითი, შესაძლო  ოპერაცია, რომელიც ევოლუციური პარადიგმის კონიუნქტურულ დისბალანსებთან მიმართებით გამოიყენებოდა. ევოლუციური პარადიგმისა, რომლის არსობრივი თუ „მორფოლოგიური“ ვალიდურობა არასდროს დგებოდა ეჭვქვეშ. (ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ შესაძლოს სპეციფიკური ლოგიკის განსაზღვრა იქნება). რაკი ამ კონცეპტს სულ უფრო ფართო მნიშვნელობით იყენებდნენ, ლენინიდან გრამშიმდე  ის სივრცეც გაფართოვდა, სადაც შესაძლო არტიკულაციები მოქმედებდნენ და "ისტორიული აუცილებლობის" კატეგორიამ - რომელიც იქამდე კლასიკური მარქსიზმის ქვაკუთხედს ქმნიდა - თეორიულ განზომილებაში გადაინაცვლა. როგორც ბოლო ორ თავში შევეცდებით დავასაბუთოთ, ჰეგემონიის კონცეპტისთვის იმპლიციტური სოციალური ლოგიკის განვრცობა და განსაზღვრა - განვრცობა, რომელიც ბევრად გასცდება გრამშის - შექმნის ნიადაგს თანამედროვე სოციალური ბრძოლების  სპეციფიკურობის გააზრებისთვის და მოგვცემს საშუალებას,  ახალი მემარცხენე პოლიტიკისთვის რადიკალური დემოკრატიის პროექტზე დაყრდნობით მოვხაზოთ კონტურები.
 ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი : რატომ ვცდილობთ ამ მიზნის მიღწევას კლასიკური მარქსიზმის სხვადასხვა დისკურსული ზედაფენების კრიტიკითა და დეკონსტრუქციით?  იმით დავიწყებთ, რომ ნამდვილი  ერთადერთი დისკურსისა და კატეგორიათა ერთადერთი სისტემის მეშვეობით, მედიაციის გარეშე, არასდროს საუბრობს. და  მარქსისტული კატეგორიების დეკონსტრუქციისას, ჩვენ არ ვცდილობთ დავწეროთ „უნივერსალური ისტორია“, არ ვისწრაფვით, მივუერთოთ ჩვენი დისკურსი ცოდნის ერთადერთ, ხაზოვან პროცესს. უნივერსალური დისკურსების დრო ისევე ამოიწურა, როგორც ნორმატიული ეპისტემოლოგიებისა. პოლიკური დასკვნები, რომლის მსგავსნიც ამ წიგნშია გამოტანილი, შესაძლოა დაეყრდნონ ძლიერ განსხვავებულ დისკურსულ ფორმაციებს - მაგალითად, ქრისტიანობის გარკვეულ ფორმებს ან სოციალისტური ტრადიციისთვის უცხო ლიბერტარიანულ დისკურსებს -  რომელთაგან არც ერთი არ არის საზოგადოების ჭეშმარიტება ( ან „ჩვენი დროის დაუძლეველი ფილოსოფია“, როგორც სარტრი იტყოდა). თუმცა, სწორედ ამ მიზეზის გამო არის მარქსიზმი ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგან, რომელთა გავლითაც შესაძლებელი ხდება პოლიტიკის ახალი კონცეფციის ფორმულირება. საწყის წერტილად მარქსიზმს სულაც იმიტომ ვირჩევთ, რომ ის უშუალოდ ჩვენი წარსულია.

ანტონიო გრამში
 ისე ხომ არ ხდება,  რომ მარქსისტული თეორიის პრეტენზიებისა და მისი ვალიდურობის სივრცის შეზღუდვისას, კავშირს ვწყვეტთ რაღაც ისეთთან, რასაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული ამ თეორიაში - კონკრეტულად, მის მონისტურ სწრაფვასთან, საკუთარ კატეგორიებში ასახოს ისტორიის არსი და მისი ფარული მნიშვნელობა? პასუხი მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს. იმაზე დისკუსიის წამოწყება, თუ რამდენად ვალიდურია მარქსისტული კატეგორიები ამჟამად, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი,  თუკი უარვყოფთ არსებობას ნებისმიერი ეპისტემოლოგიური პრეროგატივისა, რომელიც  უნივერსალური კლასის“ ონტოლოგიურად პრივილეგირებული მდგომარეობითაა განპირობებული.აქ გარკვევით უნდა განვაცხადოთ, რომ პოსტ-მარქსიზმის ველში გადავედით. უკვე შეუძლებელია,  შევინარჩუნოთ როგორც სუბიექტურობისა და კლასების მარქსისტული გაგება, ისე კაპიტალიზმის ისტორიული განვითარების მარქსისტული ხედვა, და, ცხადია, კომუნიზმის, როგორც გამჭვირვალე,  ანტაგონიზმებისგან თავისუფალი საზოგადოების ხატი.  

 მაგრამ, თუკი ჩვენი ინტელექტუალური პროექტი პოსტ-მარქსისტულია, წიგნიც ასეთივე გამოდის. ჰეგემონიის კონცეფცია, რომელიც რადიკალური, ლიბერტარიანული და პლურალურისტური დემოკრატიისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიგვაჩნია, ერთი მხრივ, მარქსიზმის გარკვეული ინტუიციებისა და დისკურსული ფორმების განვითარებით, ხოლო მეორი მხრივ, მისი სხვა ელემენტების შეზღუდვითა და უარყოფით შევიმუშავეთ. გრამშის დამოწმება, თუნდაც კრიტიკული ფორმით, აქ დიდ მნიშვნელობას იძენს. ტექსტში ვცადეთ აღვედგინა მეორე ინტერნაციონალის პერიოდის მარქსიზმის დისკურსული მრავალფეროვნება და სიმდიდრე, რომელიც ჯერ სტალინურ და პოსტ-სტალინურ ერაში შექმნილმა მარქსიზმ-ლენინიზმის გამოშიგნულმა, მონოლითურმა ხატმა გადაფარა, ახლა კი  მსხვერპლია ამ ხატის რეპროდუქციისა, რომელსაც,  ნეგატიური დატვირთვით, თანამედროვე ანტი-მარქსისტები ქმნიან. ვერც დიადი, ჰომოგენური და უკვდავი „ისტორიული მატერიალიზმის“ დამცველები და ვერც „
nouveaux philosophesმსგავსი პროფესიონალი ანტი-მარქსისტები აცნობიერებენ, რომ მათ აპოლოგიებსაც  და დიატრიბებსაც ფესვები გადგმული აქვთ იმ ნაივურ, პრიმიტიულ კონცეფციაში დოქტრინის როლისა და მისი ერთიანობის საზღვების შესახებ, რომელიც, თავისი არსობრივი დეტერმინაციებით, სტალინისტური წარმოსახვითის  ნაწილია.
 ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვცადეთ აღგვედგინა მარქსისტული ტექსტების პლურალურობა და აღმოგვეჩინა დისკურსების  - გარკვეულწილად ჰეტეროგენულთა და წინააღმდეგობრივთა - მთელი ჯაჭვი, რომელიც განაპირობებს ამ ტექსტების შინაგან სტრუქტურას,  მრავალფეროვნებას და საშუალებას აძლევს მათ, დარჩნენ პოლიტიკური ანალიზის ორიენტირებად. დიადი ინტელექტუალური ტრადიცია ერთი ხელის მოსმით, უცაბედი რღვევის შედეგად არ დაიძლევა  - მდინარის განშტოებების  მსგავსად, ინტელექტუალური დინებები, რომლებსაც ერთი სათავე აქვთ, სხვადასხვა მიმართულებით იშლებიან და სხვა სათავეებიდან მომდინარე ნაკადებს ერევიან. კლასიკური მარქსიზმის დისკურსები სწორედ ამგვარად შეიძლება დაგვეხმარონ ახალი მემარცხენე აზროვნების ფორმირებაში :  თუკი გვიანდერძებენ ზოგიერთი კონცეპტს, გარდაქმნიან ან უარყოფენ სხვებს და შეერევიან იმ უსასრულო ინტერტექსტუალობას ემანსიპატორული დისკურსებისა, რომელშიც სოციალურის პლურალურობა იძენს სხეულს.

4 comments:

  1. ტექსტში რამოდენიმეჯერ არის ნახმარი სიტყვა "ლიბერტარიანული" მაგალითად აქ: "ჰეგემონიის კონცეფცია, რომელიც რადიკალური, ლიბერტარიანული და პლურალურისტური დემოკრატიისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიგვაჩნია". ამ წუთას დედანი ხელთ არ მაქვს მაქვს, მაგრამ რამდენადაც მახსოვს საუბარი ლიბერალურ და პლურალისტურ დემოკრატიაზეა აქ და არა ლიბერტარიანულზე.

    ReplyDelete
  2. გადავამოწმე და არ ყოფილა შეცდომა. შეგიძლიათ აღარ შეწუხდეთ.

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by the author.

      Delete
    2. "ლიბერტარიანული" დემოკრატია ალბათ მარქსისტულ-ანარქისტული ინტელექტუალური ტრადიციის, (პანეკოკი, კასტორიადისი და Socialisme ou barbarie, სიტუაციონისტები, იტალიური ოპერაიზმო და შემდგომ პოსტ-ვორკერიზმი), როგორც კლასიკური მარქსისტულ-ლენინური, პარტია-სახელმწიფო მოდელის გადააზრების კრიტიკულ მცდელობათა მნიშვნელობის ხაზგასასმელადაა აღნიშნული.

      Delete