Thursday, February 7, 2013

Micah M. White - ალტერმოდერნის დაბადება

პოსტმოდერნული აზროვნების საფუძვლებს სვორტმორის კოლეჯში სწავლის პირველსავე სემესტრში ვეზიარე. შედარებითი ლიტერატურის პროფესორმა სალექციო კურსი იმით დაიწყო, რომ მოგვიწოდა, უარი გვეთქვა ბინარულ აზროვნებაზე. სანამ უაზროდ შევყურებდით, მან დაფა ორ ნაწილად დაყო და გვთხოვა ჩამოგვეთვალა დუალიზმები, რომლებიც ჩვენი სამყაროს სტრუქტურას ქმნიან. დასაწყისისთვის რამდენიმე მაგალითი შემოგვთავაზა : მამაკაცი/ქალი, თეთრი/შავი - და ჩვენც ავყევით : მდიდარი/ღარიბი, ჭკვიანი/სულელი/, ადამიანი/ცხოველი, მაგარი/ბანძი, გამხდარი/მსუქანი... თამაში მანამ გაგრძელდა, სანამ დაფა არ გაივსო და აუდიტორიაში ცარცის ბუღი არ დადგა. შემდგომ ლექტორმა გვკითხა, ვხედავდით თუ არა რამე უცნაურს სიაში, რომელიც ახლახანს შევადგინეთ.
პასუხი ადვილად იკითხებოდა დაფაზე : მარცხნივ „კარგი“ ცნებები - მაგარი, გამხდარი, მდიდარი, ჭკვიანი, თეთრი - აღმოჩნდნენ. მარჯვნივ კი - მათი  ანტონიმები, დასაცინი სიტყვები.  აუდიტორია უმალვე ჩასწვდა პოსტმოდერნული ფილოსოფიის მთავარ სათქმელს : აქამდე, დასავლური აზროვნება სამყაროს ბინარულ ოპოზიციებად ყოფდა, რომლებიც ერთ მხარეს მეორეზე უპირატესობას ანიჭებდნენ.  გაკვეთილის პოლიტიკური ქვეტექსტიც ნათელი იყო : ჩაგვრა საფუძველს ჩვენი აზროვნებიდან იღებს და გზა ემანსიპაციისკენ ბინარული ოპოზიციებისგან თავის დაღწევაზე გადის.
თუმცა, პოსტმოდერნული პროექტი, რომელიც მიზნად ბინარული აზროვნების დაძლევას ისახავს, ბევრად კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში, მიზანს ცნებებისთვის ადგილების შეცვლით და ერთდროს  დაჩაგრულთათვის უპირატესობის მინიჭებით ვერ მივაღწევთ. პრობლემა ის კი არ არის, თუ  რომელი ცნებაა პრივილიგირებული, არამედ თავად მცდარი შეხედულება, რომ ყოფიერება ორ, დაშორებულ და კონკურენტულ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. ამიტომაც, პოსტმოდერნული აქტივიზმის ამოცანა განსხვავებათა გაბუნდოვნება და პრობლემატიზება გახდა, რასაც დუალისტური აზროვნების განადგურება უნდა მოჰყოლოდა შედეგად.  ეს ყველაფერი პოლიტიკური ემანსიპაციის სახელით ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში,  განზრახვა ეს  იყო.
მოდერნულობის ტრაგედიების ფონზე, მას შემდგომ, რაც მილიონობით ადამიანი გაჟლიტეს იმიტომ, რომ არიელების და არაარიელების გამყოფი ხაზის  არასახარბიელო მხარეს აღმოჩნდნენ, დუალიზმების დეკონსტრუქციის პროექტი პოზიტიურ სიახლედ უნდა ჩათვლილიყო. მართლაც, კატეგორიათა მკაცრი წესრიგის დარღვევის მთავარი ხერხი - იმაზე მითითება, რომ დომინანტური ცნება მხოლოდ „სხვების“ ექსკლუზიის ხარჯზე განისაზღვრება -  ეფექტურად დაუპირისპირდებოდა ნაცისტური ევგენიკის ფსევდომეცნიერულ პროექტს. თუმცა პოსტმოდერნიზმის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მან ძლიერ დაიგვიანა.  მართალია, მას შეეძლო გამოსავალი ეპოვა მეორე მსოფლიო ომის გენოციდისგან, მაგრამ იმ დროისთვის, როცა დუალიზმების დეკონსტრუქციის პროექტი აკადემიურ სივრცეშიც გავრცელდა და ფართო საზოგადოებამდეც დავიდა, ჩაგვრა უკვე ბინალური აზროვნების შენარჩუნებას კი არა, მის საპირისპირო პროცესს, ჰიბრიდიზაციის ზრდას ემყარებოდა. ეს თანამედრო ფილოსოფიის ტრაგიკომედიაა : ის, რასაც წინააღმდეგობის იარაღად, წამყვანი თეორიის ჩვენი მოძრაობის მიზნებისთვის გამოყენებად მივიჩნევთ, სინამდვილეში ჩვენივე მონობის ბორკილებია. და როცა ბინარული აზროვნება უარვყავით, სტატუს-კვოს არ დავპირისპირებივართ... გავაძლიერეთ ის.
მაგალითად დელიოზისა და გატარის magnum opus-ის „ათასი პლატო : კაპიტალიზმი და შიზოფრენია“ ორმაგი ბედისწერა გამოდგება. 1980 წელს საფრანგეთში გამოცემისთანავე, ის მემარცხენე აქტივისტების, ანარქისტების, კულტურული დისიდენტების სახელმძღვანელო გახდა. მიშელ ფუკომ, პოლიტიკაში ჩართული ფრანგი ფილოსოფოსების სიმბოლომ, ისიც კი განაცხადა რომ „ შესაძლოა ოდესმე  ამ საუკუნეს  დელიოზისა ეწოდოს“ და ეს განცხადება ბევრმა იმის წინასწარმეტყველებად აღიქვა, რომ 68 წლით შთაგონებული  ანტიკაპიტალისტური ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდებოდა.
და მიუხედავად ამისა, თავისი წიგნის „ორგანოები სხეულების გარეშე“ ბოლო თავში ჟიჟეკი ამბობს , რომ დელიოზის ფილოსოფიის მიმდევრები ანარქისტები კი არა, გვიანდელი კაპიტალისტები არიან : ...რომ შევაჯამოთ და უფრო მკაფიოდ გამოვთქვათ, ფუკოს, დელიოზისა და გატარის, წინააღმდეგობის   ფილოსოფოსთა, ჰეგემონური ძალაუფლების ქსელების მიერ განდევნილ პოზიციათა  უდიდეს დამცველთა, ნააზრევი პრაქტიკაში იქცა ახალი, აღმავალი მმართველი კლასის იდეოლოგიად“.  ჟიჟეკის აზრით, მცდარმა წარმოდგენამ, რომ დელიოზი წინააღმდეგობის ფილოსოფოსია, მიგვიყვანა საგანგაშო მდგომარეობამდე, როცა ალტერგლობალიზმის უმთავრესი თეორეტიკოსების რიტორიკა საეჭვოდ თანხვდება  გლობალიზაციის იდეოლოგთა  მოსაზრებებს. მოიხმობს რა ცალკეულ მაგალითს, ჟიჟეკი განაგრძობს : „..როცა ნაომი კლეინი წერს რომ „ნეოლიბერალური ეკონომიკა, ყველა დონეზე  ცენტრალიზაციის, კონსოლიდაციისა და ჰომოგენურობისკენ მიისწრაფვის“ და ის „მრავალფეროვნებასთან ბრძოლაა“, ხომ არ აღწერს კაპიტალიზმის იმ მოდელს, რომლის დღეებიც დათვლილია?  ვითომ ამ კრიტიკას თანამედროვე კაპიტალისტი ინოვატორებიც არ დაეთანხმებოდნენ? განა თავად კორპორატიული მენეჯმენტის უახლესი ტრენდიც  „ძალაუფლების დივერსიფიკაცია, ლოკალური კრეატიულობის მობილიზება და თვით-ორგანიზების ხელშეწყობა“ არაა? განა  ანტიცენტრალიზაცია „ახალი“, ციფრული კაპიტალიზმის მთავარი ატრიბუტი არ ხდება?
ჟიჟეკის ამ მწარე კრიტიკას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის სძენს, რომ, ფაქტობრივად, მემარცხენე პოლიტიკური თეორიის მთელ ხაზს მიემართება, დელიოზის „სიმრავლეებიდან“ (multiplicités) ნეგრისა და ჰარტის „მულტიტუდამდე“ (multitude). რაკი მას დამაჯერებელი პასუხი ჯერ არ გასცემია, რთულია ეჭვი არ შეიტანო იმ პოსტმოდერნულ ტაქტიკებში, რომლებსაც მივდევდით.  სანამ ბარიერებს ვარღვევდით და საზღვრებს ვკვეთდით, კონსუმერიზმმა თავისი გლობალური ექსპანსია იმით  ხომ არ დააჩქარა, რომ იდენტობების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაზე მოითბო ხელი?
და ახლა, ახალი ეპოქის განთიადზე, როცა პოსტმოდერნულობა ნელ-ნელა ალტერმოდერნულობაში გადადის, ვხედავთ, რომ ჩვენ მიერ უარყოფილი დუალიზმები არათუ ბუნდოვანდებიან, არამედ საბოლოოდ ქრებიან. რაკი აღარ შეიძლება დარწმუნებით თქვა რა არის ვირტუალური და რა - რეალური, რა - ადამიანური და რა - ცხოველური, რა -ორგანული  და რა - გენეტიკურად მოდიფიცირებული, ზოგს ნოსტალგია იპყრობს და სურს ახალი სიცოცხლე შთაბეროს  ჩავარდნილ ანტიმოდერნულ პროექტს, რომელიც განსხვავებების წაშლას ისახავდა მიზნად. სანამ ქორო - კიბერპანკების და აქტივისტების და კაპიტალისტების და ტექნოკრატების  - უგალობს განუსხვავებელ განსხვავებას ციფრულსა და მის მიღმა არსებულ სამყაროს, ორგანულსა და სინთეტიკურს, ადამიანსა და მანქანას შორის, უმნიშვნელოვანესი განსხვავებაც ქრება - წინააღმდეგობასა და კოლაბორაციონიზმს აღარაფერი მიჯნავს.
დიდი გამბედაობაა საჭირო იმის სამტკიცებლად, რომ ამ ეპოქაში განსხვავებები კვლაც მნიშვნელოვანია - განსხვავება ამხანაგისა და მომხმარებლისა, ადამიანისა და ანგარებისა, სულაც, ღირსეული ცხოვრებისა და უბრალო მოხმარებისა  -  და რომ გენოციდურ მოდერნისტულ პროექტთან დაბრუნების გარეშეც შეგვიძლია გავკვალოთ ახალი ბილიკი.ბილიკი,  რომელსაც სულიერ სიმდიდრესა და მატერიალურ სიხარბეს შორის განსხვავება აქცევს გზად.

No comments:

Post a Comment