Thursday, February 14, 2013

Renata Salecl - შფოთვის შესახებ (ნაწილი I)


როცა გვეუბნებიან, რომ ახალ, შფოთვის ეპოქაში ვცხოვრობთ, პირველი, რაც თავში მოგვდის, ისაა, რომ იგი მოსალოდნელი კატასტროფების მატებასთან, ტერორისტული შეტევების, ფინანსური ბაზრის კოლაფსის, ეგზოტიკური დაავადებების, დამღუპველი ეკოლოგიური ცვლილებების, ომებისა და სამეცნიერო აღმოჩენების  საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუმცა თავხედობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ჩვენი ცივილიზაცია უფრო მეტ შფოთვას განიცდის, ვიდრე მისი წინამორბედები, რომელთაც აგრეთვე უწევდათ ომებთან და კონფლიქტებთან, სიღარიბესთან და დაავადებებთან გამკლავება. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობის შესაძლო უბედურებები დიდად არ განსხვავდებიან უკვე ჩავლილთაგან, მხოლოდ თანამედროვე საზოგადოებისთვის დამახასიათებელი შფოთვები უკავშირდებიან დაუცველობის ახლებურ განცდებს, რომლებიც სათავეს გლობალური კაპიტალიზმის ბუნებიდან იღებენ. მართალია, დაუცველობის განცდა ყოველთვის იყო შრომის ბაზრის მამოძრავებელი, თუმცა, ადვილი დასანახია, რომ  პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოებაში,  სოციალურ სიმბოლურ წესრიგში მომხდარი ტრანსფორმაციების გავლენით, სუბიექტის თვითშეფასებამ ცვლილებები განიცადა.

 როგორც ჩანს, კონსუმერული საზოგადოება არაადეკვატურობის სპეციფიკური განცდით სარგებლობს. ამ განცდის გავლენის შესაგრძნობად საკმარისია რომელიმე ქალთა ჟურნალს ან ყოველდღიური გაზეთების “style” რუბრიკას გადავავლოთ თვალი. აქ არა მხოლოდ რეკლამებსა და მოდის უახლეს ტენდენციებზე მსჯელობას, არამედ, რაც მთავარია, რჩევებს შევხვდებით. დღევანდელ ყოფას გადარჩენისათვის ბრძოლა განსაზღვრავს. ამიტომაც, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ხშირად ვაწყდებით სტატიებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მარტოხელა გოგონას გზამკვლევი; ბედნიერი დედის საიდუმლო დღიური - როგორ გადავურჩეთ მშობიარობას ( ბავშვის გაჩენა ხომ „ძლიერ აზარალებს ქალებს, განსაკუთრებით ორმოცს მოდურად გადაცილებულებს“) ; რჩევები როგორ გავუმკლავდეთ რომანტიკულ ურთიერთობებს, ან მათ არქონას; დიეტები, სავარჯიშოები და ა.შ.

 ცხადია, დროთა განმავლობაში, თავად რჩევები რადიკალურად იცვლებიან:  ერთი ტიპური სვეტის არ იყოს,   „აქამდე საკმარისი ძილი ჩვენი იდეაფიქსი იყო, მაგრამ ახალი კვლევები აჩვენებს, რომ რაც ნაკლები გვძინავს, მით მეტხანს ვცოცხლობთ“. საბოლოო ჯამში, ასეთი ჟურნალები რჩევებისა და აკრძალვების უცნაურ ნარევს გვთავაზობენ, რომელიც თავს დამნაშავედ გვაგრძნობინებს. თუკი ოთხმოცდაათიანების იდეოლოგიური ბრძანებები  “Just do it!” და „Be yourself!” იყო, დღესდღეობით, ისე ჩანს, რომ მედია ახალი დევიზს გვახვევს თავს:  „რასაც არ უნდა აკეთებდე, ცუდად გააკეთებ. ამიტომაც, გიჯობს მიჰყვე ჩვენს რჩევებს, და თავიდან სცადო. “Just do it!” იდეოლოგია იმ მოსაზრებას ემყარებოდა, რომ სუბიექტი „თავისუფალია“, არ ცნობს ავტორიტეტებს და შეუძლია თავისი იდენტობის სურვილისამებრ შეცვლა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ადამიანებმა გამოიღვიძეს, და გააცნობიერეს ამგვარ მცდელობათა საზღვრულობა. თუმცა, საქმე იმაში არ არის, რომ საბოლოოდ მივხვდით,  ჩვენს თავს ჩვენ არ ვქმნით, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ძველ ავტორიტეტებს -  რელიგიასა თუ სახელმწიფოს - და კულტურულ და ბიოლოგიურ დეტერმინაციებზე მაღლა მდგომ ხელოვნების ნიმუშად ვიქცეთ. უფრო იმაშია, რომ თავად “Just do it!” იდეოლოგიამ კარი უსაზღვრო ოპტიმიზმს კი არა, სპეციფიკურ შფოთვას გაუღო. ის დაკავშირებულია თავად იმ იდეასთან ,რომ ჩვენი თავისგან ჩვენთვისვე მოსაწონი ხატის შექმნა შეგვიძლია - დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს ტანჯავს თავისი სხეული, და ამის გამო ხდება ისეთი დაავადებების მსხვერპლი, როგორებიცაა ანორექსია, ბულემია, ვარჯიშით გადატვირთვა, პლასტიკური ოპერაციებისა და შოპინგის მანია. და მაინც, რა არის ასეთი საზარელი თავად შესაძლებლობაში, ჩვენი თავისგან ხელოვნების ნიმუში შევქმნათ - თავისუფლად გადავწყვიტოთ, რა გზით გვინდა განვითარდეს ჩვენი ცხოვრება? რატომ იწვევს შფოთვის მატებას თავად არჩევანის (დაპირებული) თავისუფლება?




შფოთვა  სურვილსა  და  Jouissance-ს  შორის

ფროიდი ვარაუდობდა, რომ მოზრდილთა შფოთვა დანაშაულის გრძნობას უკავშირდება, და, ამგვარად - სუპერეგოსაც. ლაკანმაც ხაზი  გაუსვა ამ კავშირს და შენიშნა, რომ
სუპერეგო შინაგანი ხმაა, რომელიც უბრძანებს სუბიექტს ისიამოვნოს, და, ამავდროულად, ირონიულად წინასწარმეტყველებს, რომ  სიამოვნების ძიება წარუმატებლობით დასრულდება. მართალია, ადვილია ამის საფუძველზე დაასკვნა, რომ შფოთვა დაკავშირებულია დანაშაულის განცდასთან, რომელსაც, თავის მხრივ, სუპერეგოს ბრძანება იწვევს, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ამ მოსაზრების ჩაბრუნება და იმის მტკიცება, რომ, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, შფოთვას წარუმატებლობის კი არა, წარმატების შესაძლებლობა წარმოშობს. აქ ორი ცნობილი ლაკანიანური შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ: პირველი,რომ  შფოთვა არა ობიექტის ნაკლებობით, არამედ ნაკლებობის ნაკლებობითაა გამოწვეული - სხვა სიტყვებით, ნაკლებობის ობიექტი ნაკლებობის ადგილს იკავებს; და მეორე, შფოთვა გამყოფი ხაზია სურვილსა და jouissance-ს შორის. სურვილი ყოველთვის უკავშირდება უკმაყოფილებას (ობიექტის ნაკლებობას), jouissance-ს კი სუბიექტი ობიექტთან მიჰყავს, თუნდაც ძლიერი ტანჯვის ფასად. როცა ვამბობთ, რომ სურვილი ნაკლებობასთანაა დაკავშირებული, ნაჩქარევად არ უნდა დავასკვნათ არც ის, თითქოს არასდროს არსებობს ობიექტი, რომელსაც სურვილის დაკმაყოფილება შეუძლია, და არც ის, თითქოს ის სუბიექტები, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ, რომ ობიექტი, რომელიც მოიპოვეს  „ის“ არ იყო,  განზრახ ეძებენ წარმატებას წარუმატებლობაში. სურვილის პარადოქსული თვისება სწორედ ისაა, რომ იგი უძირო ქვევრი არ  არის, რომელიც გამუდმებით შთანთქავს ობიექტებს და ვერასდროს კმაყოფილდება: სურვილი მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როცა სურვილის ობიექტს, ლაკანიანურ object a-ს - სხვა სიტყვებით, თავად ნაკლებობას -  ხვდება. თუმცაღა ნაკლებობა მაშინ კი არ იწყებს არსებობას, როცა სურვილის ობიექტს ვაღწევთ, არამედ მაშინ, როცა სურვილს jouissance ანაცვლებს. ანუ მაშინ, როცა მიღწეული არა სურვილის ბუნდოვანი ობიექტი, არამედ ისეთი ობიექტია, რომელიც სპეციფიკურ სიამოვნებას იწვევს, რომელსაც ხშირად ტკივილი ახლავს და ამიტომაც, აშინებს სუბიექტს. სასიყვარულო ურთიერთობებში ასე ხდება მაშინ, როცა ისტერიული სუბიექტი, რომელიც დიდხანს მიისწრაფვოდა კონკრეტული პარტნიორისკენ, საბოლოოდ ამყარებს მასთან სექსუალურ კავშირს და მიუხედავად ყველაფრისა, შედეგით შეძრწუნებული შორდება ობიექტს. თუმცა, შეიძლება პრობლემა ის კი არ იყოს, რომ სუბიექტს სურს თავისი სურვილი დაუკმაყოფილებლად დატოვოს, (ანუ გააგრძელოს სწრაფვა მიუწვდომელი ობიექტისაკენ) არამედ ის, რომ სუბიექტი მეტისმეტად დაუახლოვდა  jouissance-ის ობიექტს. ამ კონტექსტში, ლაკანი შენიშნავს, რომ ორგაზმი შფოთვის მდგომარეობაა, რომელსაც სუბიექტი ადვილად იტანს, თუმცა ასევე შეიძლება იყოს მომენტი, რომლის აცილებასაც სუბიექტი ძლიერ ცდილობს.  
მაშინ როგორ უკავშირდება შფოთვა  წარუმატებლობას? რატომ ცდილობს სუბიექტი ასე ხშირად და ასეთი თავგანწირვით თავიდან აიცილოს წარმატება? შფოთვა ხშირად აღიქმება, როგორც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობა, მღელვარება, რომელსაც სუბიქტი განიცდის მაშინ, როცა თავისი ცხოვრებას ვერ ეგუება. მაგრამ, ფსიქოანალიტიკური თეორიის ჭრილში შეიძლება ასე არ იყოს, რადგან შფოთვა უპირველესად აფექტია, რომელიც jouissance-თან მტკივნეული შეჯახების შესახებ გვაფრთხილებს. მაშასადამე, მას, ვინც წარმატებად ჰარმონიის ნეტარ განცდას კი არა jouissance-თან მიახლოვებას მიიჩნევს, შფოთვა jouissance-გან იცავს და საშუალებას აძლევს,სურვილს სიცოცხლე შეუნარჩუნოს.





როგორ იყენებს ამ შფოთვას თანამედროვე კაპიტალისტური იდეოლოგია? ადვილი შესამჩნევია,რომ მთელი მარკეტინგული სისტემა, რომელსაც კაპიტალიზმი ემყარება, იყენებს სურვილის ლოგიკას და ქმნის განცდას, რომ რა მატერიალური სიკეთეებსაც უნდა ვფლობდეთ, მაინც არასდროს გვაქვს „ის“. თუმცა, თუ სურვილის ლოგიკას jouissance-ის ლოგიკით ჩავხლართავთ, კაპიტალიზმის მიერ შფოთვის გამოყენება ახალ მნიშვნელობას შეიძენს.

შფოთვის გაანალიზებისას კირკეგორი მიიჩნევს, რომ ის უკავშირდება შესაძლებლობას არსებობაში.კირკეგორთან შფოთვა სპეფიციკურ კავშირშია თავისუფლებასთან - ან, მისი სიტყვებით, თავისუფლების აქტუალობასთან- როგორც შესაძლობის შესაძლებლობა. თუ სუბიექტი თავისუფალია, მაშასადამე მშფოთვარეც,რაკი არსებობს ეს ურთიერთდამოკიდებულება, რაკი თავისუფლებას „შესაძლებლობის შესაძლებლობას“ ახლავს თან. კირკეგორი სწორედ ამიტომ ასკვნის,რომ შფოთვა, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის წინაშე შფოთვაა - ერთადერთი მსაჯული მე ვარ და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ,ჩემზეა დამოკიდებული. ამიტომაც, შფოთვა უკავშირდება შესაძლებლობას შეგეძლოს, მაგრამ,ხშირად წააგავს განცდას, რომელსაც პირდაღებულ უფსკრულში ჩახედვა აღძრავს. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, კირკეგორის მსჯელობები შფოთვაზე და თანამედროვე კაპიტალიზმის ანალიზი სხვადასხვა განზომილებებს განეკუთვნებიან, შესაძლებელია იმის ჩვენება, რომ პოპულარული დისკურსი შფოთვაზე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კონსუმერისტულ საზოგადოებაში თითქოსდა არსებულ არჩევანთა სიჭარბეზე, ზედმიწევნით თანხვდება ლოგიკას, რომელსაც კირკეგორი თავის დროზე ჩაწვდა.

როგორ ოპერირებს ე.წ. არჩევანთა სიჭარბე?ბოლო ოცი წელია დომინირებს იდეოლოგია, რომლის თანახმადაც ადამიანები სულ უფრო ბედნიერები და წარმატებულები გახდებიან, თუკი საუკეთესო პროდუქტებს შეარჩევენ. ამიტომაც, ერთი მხრივ, გამოჩნდა უამრავი ახალი ნივთი, მწარმოებელი და მიმწოდებელი, ხოლო, მეორე მხრივ,არჩევანი თვითმიზნად იქცა. ზოგიერთი სოციალური მეცნიერი საუბრობს „თავისუფლების ტირანიაზე“,რაკი დღეს მომხმარებლები იძულებულნი არიან გააკეთონ არჩევანი ისეთ მოვლენებზე, რაზე გავლენის ქონასაც აქამდე ვერც კი წარმოიდგენდნენ (ან, სულაც, არ სურდათ, ის ჰქონოდათ).ამის კარგი მაგალითია ელექტროენერგიის მომწოდებლის არჩევის შესაძლებლობა, რომელმაც საგულისხმო შფოთვა გამოიწვია მომხმარებლებში, რაკი, როგორც „
New York Times”-
ის სტატია განმარტავს, „ენერგიის მომწოდებელზე შფოთვამ ადამიანის ბუნებიდან რაღაც ღრმად ჩამალული გამოიტანა სააშკარაოზე“.პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ადამიანებს არ სურთ მუდმივად აღიქმებოდნენ ავტონომიურ,რაციონალურ მომხმარებლებად: „როცა საქმე ელექტროენერგიას ეხება, იდუმალ და საშიშ ფენომენს, რომელიც თანამედროვე ყოფის საფუძველია, ამერიკელებს უბრალოდ ცოტათი ეშინიათ მარტო დარჩენის“. მიიჩნევა, რომ შფოთვას ორი მიზეზი იწვევს:პირველი, რომ აღარავინ განკარგავს საზოგადოებას, და მეორე, რომ ეს არჩევანის თავისუფლება მომხმარებლებს კი არა, კორპორაციებს ანიჭებს ძალაუფლებას. როცა ინტერნეტით ვვაჭრობთ,კორპორაციები აგროვებენ ძლიერ ღირებულ ინფორმაციას ჩვენი სურვილების და ხარჯვის ეთიკის შესახებ. ისე ჩანს, რომ შფოთვას ერთდროულად ისიც იწვევს, რომ ძალაუფლება აღარავის შერჩა,და ისიც, რომ ისინი ვისაც შერჩა (კორპორაციები), მას ფარულად ახორციელებენ.

თუ დღეს ადამიანები შფოთვაზე საუბროვენ, აუცილებლად მოიხმობენ მოსაზრებას, რომ ახლა უკვე უწევთ გააკეთონ არჩევანი თავიანთ სექსუალობასთან, ქორწინებასთან და ბავშვის ყოლასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რომლებიც წარსულში არჩევანის სფეროს არ განეკუთვნებოდნენ. მაგრამ,ერთი შეხედვით, რაც უფრო მეტია შესაძლო არჩევანი, მით უფრო ადვილია თითოეულ შემთხვევაში იდეალური გამოსავლის პოვნა. ეს არა მხოლოდ მათ ეხება, ვინც მობილური ოპერატორის გამოცვლას აპირებს უკეთესი შემოთავაზების მისაღებად, არამედ მათაც, ვინც რომანტიკულ პარტნიორს ეძებს. თუ დავაკვირდებით იმ სახელმძღვანელოების რაოდენობის ზრდას, რომლებიც სიყვარულის პოვნაში გვეხმარებიან, ცხადი გახდება,რომ დღესდღეობით სიყვარული განსაკუთრებით დიდ შფოთვას იწვევს და ადამიანები ყველა გზას მიმართავენ, რომ ამ შფოთვას თავი დააღწიონ. თანამედროვე კონსუმერისტულ საზოგადოებაში პარტნიორის ძიება იმავე ლოგიკას ექვემდებარება, რომელსაც - მაქანის ყიდვა: პირველ რიგში,ბაზრის დაწვრილებით შესწავლაა საჭირო. შემდგომ სასურველი ობიექტის ღირსებათა ჯეროვანი შეფასება, კონტრაქტით თავის დაზღვევაც არ იქნებოდა ურიგო და, გარკვეული დროის შემდეგ,ძველის ახლით ჩანაცვლებაც.


No comments:

Post a Comment